პოლიტიკა
ახალი კანონით პრეზიდენტის უფლებამოსილებები მხოლოდ კონსტიტუციით განისაზღვრება

sxdomaსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 27 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება მთავრობის მიერ ერთხმად მიღებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილებები განისაზღვრება მხოლოდ კონსტიტუციით და არა, როგორც უწინ, სხვადასხვა კანონითაც. ის უფლებამოსილებები კი, რომლებიც დღეს განსაზღვრულია მხოლოდ კანონით,  მთავრობასა და სხვა რელევანტურ ორგანოებზე გადანაწილდება. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. კანონით განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებზე პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციის განხორციელების წესი.

მთავრობის მიერ სამართლებრივი აქტის მოწონების შემთხვევაში მას  ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე, მინისტრის მოადგილეები. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები (მაგალითად, დაზვერვის სამსახური), რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, გადადის უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაში, თუმცა, მათ ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით მთავრობა დაამტკიცებს.

აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.