აქტუალური
აშშ-ის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შეფასების მიზნით იმყოფება

aqt-1-mt-alasaniaსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაცია მიიღო. აშშ-ის დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შეფასების მიზნით იმყოფება, ასევე შედიან აშშ-ის სახელმწიფო, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ ქაროსანიძე და მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრნენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს და გამჭვირვალობის გაზრდისა და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სისტემაში ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს. საუბარი ასევე შეეხო პერსონალის მართვისა და სამხედრო განათლების საკითხებს. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

აშშ-ის დელეგაციის წევრები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხმის მიცემის პროცედურებით დაინტერესდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება და ყველა სამხედრო მოსამსახურეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. აშშ-ის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გასულ წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი გარემოა.

aqt1-qvem-alasania