უცხოეთი
ობამამ ალიევს მოუწოდა, ყარაბაღის კონფლიქტი „მიღწეული კომპრომისების ფარგლებში“ გადაჭრას

obama-prizvalსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სადაც აღნიშნულია, რომ იგი „მთლიანად ენდობა“ აშშ-სა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ახალ თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკს.

ამ დიპლომატის დანიშვნა აღნიშულ წერილში შეფასებულია, როგორც აშშ-ის „ურყევი განზრახვა, განაგრძოს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევა“.

ობამას აზრით, უორლიკის გამოცდილება და პიროვნული თვისებები დარეგულირების პროცესს ბიძგს მისცემს.

ობამამ მოუწოდა ალიევს სომხეთთან პირდაპირი დიალოგისკენ, რათა ამჟამინდელი „გამოუვალი მდგომარეობიდან“ გამოსავალი მოიძებნოს.

„მოლაპარაკებებზე მიღწეული კომპრომისების ფარგლებში მშვიდობის აღდგენის მიზნით ახალი ინიციატივების გამოვლენის დრო დადგა“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილში.

თავის მხრივ, აშშ-ის საელჩო იუწყება, რომ წინა დღეს ბაქოში ჩასული ჯეიმს უორლიკი პრეზიდენტმა ალიევმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მამედიაროვმა და თავდაცვის მინისტრმა აბიევმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და დარეგულირების საკითხებზე იმსჯელეს.