უცხოეთი
სირიის ოპოზიცია უარზეა, რომ ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლი დაწესდეს

opozicia-siriiსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის ოპოზიცია მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის წინადადებას, ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცეს, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.

ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დამასკოს მოუწოდა, ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადასცეს, მოელაპარაკოს არსენალის განადგურებასა და ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში გაერთიანებაზე. სირიის მთავრობამ ამაზე თანხმობა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის წინადადების მიმართ ინტერესი გამოხატა. ვაშინგტონიდან პირველი კომენტარები თავშეკავებული იყო: თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინადადებას შეისწავლიან, თუმცა, მის პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებენ.

ტელეარხ ABC-ს კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა სირიაზე იერიშის გადადება ქიმიური იარაღის კონტროლქვეშ გადაცემის შემთხვევაში, ორშაბათ საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, თუკი ეს ნამდვილად მოხდება“. ობამამ „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროსაც აღნიშნა, რომ ხსენებული საკითხის არასამხედრო გზით გადაწყვეტის დიდი იმედი აქვს.