პოლიტიკა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

kazbegiსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" გაიხსნა. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

"საქართველო არ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთზე, საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი. სამწუხაროდ, დღეს ეს არის ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პუნქტი იმისთვის, რომ საქართველომ საავტომობილო გადაზიდვებით ეს სერიოზული ფუნქცია შეასრულოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საპროექტო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ. ლარია. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილია რეკრეაციული ზონები, მგზავრთა მოსასვენებელი, საკონფერენციო სივრცე, "დუტი ფრი“ და სხვ. რეაბილიტაციის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს სატვირთო მანქანების დასათვალიერებელი რამპისა და პარკინგის მშენებლობა.