საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, რუსეთის მხრემ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ლაბორატორიის მუშაობის საკითხზე მსჯელობა შესთავაზა.
„ჩვენ რუსეთის საზღვრის მომიჯნავედ მდებარე ამ სამხედრო ობიექტის ჭეშმარიტი დანიშნულების სრული, ერთმნიშვნელოვანი და ძალიან ნეგატიური აღქმა გვაქვს და ძალიან მკაცრი პოზიცია გვიკავია“, - განაცხადა მან.ონიშჩენკომ, ასევე, დასძინა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში ამ საკითხზე სრულებით წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს, რითაც საქმის მდგომარეობას ართულებს.
„იგი თავს არიდებს მთავარ კითხვას: რას აკეთებენ ამერიკელი სამხედრო ბიოლოგები საქართველოს ტერიტორიაზე? ჩვენ ვიცით, რასაც აკეთებენ და ექსპერტების დონეზე რასაც განიხილავენ“, - აღნიშნა ონიშჩენკომ.
როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ლაბორატორიის არსებობა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზებას, - ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ უწინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ამერიკის მხარდაჭერით შექმნილი ლუგარის სახელობის ლაბორატორია საქართველოში „ღია და გამჭვირვალეა“.
ნორლანდის თქმით, ლაბორატორია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში იმყოფება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ლაბორატორიას ანალოგი არა აქვს, ის რეგიონული მასშტაბისაა და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანებისა და ცხოველების სნეულებათა განვითარების აღკვეთა.