პუბლიკაციები
ობამას ქარიზმა ძალას კარგავს

obama-elections22 ნოემბერს ამერიკაში ჩატარდა არჩევნები, რომელსაც ადგილობრივი პოლიტიკური დამკვირვებლები გაფაციცებით ელოდნენ. არჩევნები შეეხებოდა 37 სენატორის და გუბერნატორის სკამს და მთლიანად აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენლობით პალატას.

არჩევნების შედეგები გამანადგურებელი აღმოჩნდა მმართველი დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც აქამდე აკონტროლებდა როგორც თეთრ სახლს, ისევე კონგრესის ორივე პალატას. მართალია, მან შეინარჩუნა სენატში უმრავლესობა (51 ადგილი 100-დან), მაგრამ გადავიდა უმცირესობაში წარმომადგენლობით პალატაში და წააგო გუბერნატორების არჩევნების უმრავლესობა.

არჩევნების შედეგად გამოიკვეთა ამერიკის პოლიტიკური სისტემის ევოლუციის საკმაოდ მტკივნეული ეტაპი. როგორც ამერიკელი მიმომხილველები და ექსპერტები აღნიშნავენ, დემოკრატთა მარცხი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მათი ოპონენტების - რესპუბლიკელების ტრიუმფს. გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ამერიკულ საზოგადოებაში იზრდება უნდობლობა ორივე ტრადიციული პარტიის მიმართ. ამ შემთხვევაში უნდობლობა დემოკრატების მიმართ უფრო მეტი აღმოჩნდა, რამაც განაპირობა კიდეც არსებული შედეგები. თვით გამარჯვებული რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯონ ბონერმა, რომელსაც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის პოსტს უწინასწარმეტყველებენ, აღიარა, რომ მის პარტიას და მთელ საკანონმდებლო ორგანოს მძიმე სამუშაო ელის.

რატომ მოხდა აშშ-ს მოსახლეობის ასეთი სწრაფი გულაცრუება ამერიკული პარტიების და განსაკუთრებით, დემოკრატების მიმართ? ბევრს ახსოვს ალბათ, თუ რა იმედები უკავშირდებოდა ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანის, ბარაკ ობამას არჩევას პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ დღეს ამ იმედებისგან ცოტა რამ თუ დარჩა. არადა, სიტუაცია ქვეყანაში თითქოს მნიშვნელოვნად არ შეცვლილა გაუარესებისკენ. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მძვინვარებდა ობამას არჩევის მომენტში, გარკვეულწილად დაძლეულია, თუმცა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა არ ხდება. უმუშევრობა დასტაბილურდა დაახლოებით 10 პროცენტის ნიშნულზე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია აშშ-თვის, რომლის მოსახლეობა, რეიგანის დროიდან მოყოლებული, მიჩვეული იყო 4-5 პროცენტიანი უმუშევრობის პირობებში ცხოვრებას. გრძელდება იპოთეკური კრიზისი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველწლიურად ასობით ათასი ამერიკული ოჯახი იძულებული ხდება, თავისი სახლი ბანკებს დაუთმოს. სანამ უმრავლესობა ჰქონდათ, დემოკრატებმა შესძლეს რამდენიმე გახმაურებული რეფორმის გატანა კონგრესში, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემის რეფორმისა. მაგრამ ამ რეფორმების მიმართ ხალხის აზრი ორად გაიყო.

ზოგი ექსპერტი დემოკრატების მარცხს შუალედურ არჩევნებზე ჩვეულებრივ, ნორმალურ მოვლენას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის ნიშანია, როცა პრეზიდენტის ძალაუფლებას აბალანსებს ოპოზიციური პარტია კონგრესში. მათ ავიწყდებათ, რომ დღეს სხვა სიტუაციაა. ამერიკა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, რაც უკავშირდება ცვალებად ვითარებას მთელ მსოფლიოში. უმძიმესმა ეკონომიკურმა კრიზისმა აუცილებელი გახადა ეკონომიკის რეფორმირება, რასაც შეუდგა კიდეც ობამას ადმინისტრაცია. მაგრამ რესპუბლიკელები და მათი ტრადიცული ელექტორატი წინააღმდეგობას უწევს ცვლილებებს ეკონომიკაში, რომლებიც, მათი აზრით, „სოციალიზმის“ დამყარებას მოასწავებს. თუკი რესპუბლიკური პარტია შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, ეს ნიშნავს, რომ ობამას რეფორმები დაიბლოკება და შეიძლება გაუქმდეს კიდეც. რას მოიტანს ეს მსოფლიოში ჯერ კიდევ უმსხვილესი ეკონომიკისთვის, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიგანის ეკონომიკური ლიბერალიზმის დრო დაბრუნდეს, როდესაც ერთდროულად ხდებოდა გადასახადების შემცირება, განსაკუთრებით, მდიდარი ფენებისთვის, და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდა, წარმოქმნილი დეფიციტი კი ამერიკის ვალის მუდმივი გაზრდით იფარებოდა. არა, ამერიკის ვალი ახლაც იზრდება და 13 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, ამიტომ გადასახადების შემცირებას დღეს უკვე ვეღარც რესპუბლიკელები შესძლებენ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის წლიურმა დეფიციტმა აბსოლუტურ რეკორდს, ერთნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწია და აუცილებელია ამ მაჩვენებლის როგორმე შემცირება. ცხადი ხდება, რომ გადასახადების ზრდის გარეშე ამ დეფიციტის შემცირება ვერ მოხერხდება, ეს კი აუცილებელია, რომ ამერიკა დეფოლტის წინაშე არ დადგეს. სხვათა შორის, ბიუჯეტის დეფიციტში დიდ როლს თამაშობს რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული ომები ერაყში და ავღანეთში, რაც ამერიკის ბიუჯეტს უკვე რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაუჯდა.

ალბათ, ყველაზე საინტერესო იქნებოდა ჩატარებული არჩევნების შეფასება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში. 2006 წელს ანალოგიურ შუალედურ არჩევნებში რესპიბლიკელების კრახი მოასწავებდა ბუშის და რესპუბლიკელების დამარცხებას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამერიკულ პრესაში ხშირად ჩნდება ცნობები, რომ დემოკრატიულ პარტიაში განიხილება ობამას საპრეზიდენტო პოსტიდან ჩამოცილების ვარიანტები. თუ ობამამ ვერ შესძლო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნომინირება თავისი პარტიის მხრიდან, ეს იქნება პირველი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში. ობამას ქარიზმის გახუნებაში წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკის ნელმა აღდგენამ კრიზისის შემდეგ და მომავლის გაურკვევლობამ, ისევე საგარეო პოლიტიკამაც. მართალია, ობამა ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას, რომ ერაყიდან ჯარს გამოიყვანდა - ამერიკული არმიის დანაკარგები ერაყში მართლაც მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ამავე დროს გაიზარდა მსხვერპლი ავღანეთში, სადაც შეჰყავთ ახალ-ახალი ამერიკული სამხედრო ნაწილები. ამომრჩევლისთვის გაუგებარია, რა განსხვავებაა ერაყსა და ავღანეთს შორის და თუ საჭირო იყო ერაყიდან ჯარის გამოყვანა, ავღანეთში რატომღა უნდა იხოცებოდნენ მათი შვილები და მეუღლეები. ამერიკის მოსახლეობის ფრუსტრაციას ასევე ხელს უწყობს გაუთავებელი მუქარები ირანის მიმართ ძალის გამოყენების თაობაზე, რასაც ობამას ადმინისტრაციაც აგრძელებს, წინამორბედის მსგავსად. მიუხედავად ამერიკელთა უმრავლესობის გაუნათლებლობისა, განსაკუთრებით გეოგრაფიის სფეროში, მათ მაინც ესმით, რომ ირანთან ომი მკვეთრად დაძაბავს სიტუაციას მსოფლიოში და ახალი კატაკლიზმების დასაბამი შეიძლება გახდეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ოპტიმიზმის გაღვივებას ერში, რაც ობამას არჩევას უკავშირდებოდა.

ამავე დროს, არც რესპულიკელების ბანაკშია პოლიტიკური ვარსკვლავების ცვენა. უკვე წინა არჩევნებზე ეს პარტია საპრეზიდენტო კანდიდატების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. ე.წ. პრაიმერებში (შიდაპარტიულ არჩევნებში) მონაწილეთა დიდი უმრავლესობა უსახური იყო. საბოლოოდ რესპუბლიკელთა კანდიდატი გახდა ჯონ მაკკეინი, რამაც საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ, კობა სუბელიანი კი გაახარა, მაგრამ თავიდანვე ცხადი იყო, რომ მაკკეინს გამარჯვება არ ეწერა. დღეს ჯონ მაკკეინი საბოლოოდ ჩამოწერილია საპრეზიდენტო მარათონიდან და სენატში დაასრულებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, სადაც მეხუთედ აირჩიეს. მაგრამ არც სხვა, ახალგაზრდა და კაშკაშა ფიგურები იკვეთება ჯერჯერობით რესპუბლიკელთა ჰორიზონტზე. არადა, უკვე დროა, რადგან ამერიკაში, როგორც წესი, მინიმუმ ორი წელი მაინც არის საჭირო, რომ მოხდეს პოლიტიკოსის გამოკვეთა (ე.წ. „რასკრუტკა“) საპრეზიდენტო ბრძოლისთვის. თავად რესპუბლიკურ პარტიაში გაჩნდა თავისებური ფრაქცია, რომელსაც „ჩაის სმა“ უწოდეს. იგულისხმება ცნობილი ეპიზოდი ამერიკის ისტორიიდან, „ბოსტონის ჩაის სმის“ სახელწოდებით. ამ ფრაქციის გამოჩენა მიუთითებს ამერიკული საზოგადოების პოლარიზაციაზე, რადგან „ჩაის სმის“ წევრები რადიკალურად აკრიტიკებენ დემოკრატთა ადმინისტრაციის ყოველ ნაბიჯს და მას ე.წ. „ამერიკული ოცნების“ მესაფლავეს უწოდებენ. არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკელ პრაიმერისტთა სიაში გამოჩნდნენ ექსტრავაგანტური ფიგურები - მსახიობები, ბიზნესმენები ან სხვა პროფესიის ადამიანები, რათა გამოაცოცხლონ უფერულ ნომინანტთა სია. ამგვარი ფიგურა შეიძლებოდა გამხდარიყო კალიფორნიის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი ა. შვარცენეგერი, მაგრამ მას, როგორც ავსტრიაში დაბადებულს, კონსტიტუციის თანახმად, უფლება არ აქვს პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი. ჩვენს დროში, როცა სატელევიზიო შოუ გახდა ცხოვრების ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი, ყურადღების მისაქცევად უკვე საკმარისი არაა კომპეტენტურ და სერიოზული პოლიტიკოსად ყოფნა, არამედ საჭიროა შოუმენობა. ობამას ეს კარგად გამოსდიოდა, ამიტომაც მოახერხა ყოფილიყო წარმატებული კანდიდატი. მაგრამ მისი შოუმენობა ხალხს, როგორც ჩანს, უკვე მობეზდა და ახალი სახეებია საჭირო. სავარაუდოდ, რესპუბლიკელთა და შესაძლოა, დემოკრატთა რიგებშიც, რამდენიმე საკმაოდ კურიოზულ და არატრადიციულ პერსონაჟს ვიხილავთ 2012 წლის შიდაპარტიული არჩევნების დროს და სწორედ რომელი მათგანი გახდება პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატი.

 

გიორგი ვეკუა - სპეციალურად საინფორმაციო–ანალიტიკური სააგაენტო „საქინფორმისთვის“