საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ
ანდრუს ანსიპთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
“დღეს ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები... მიუხედავად სხვადასხვა სფეროში წარმატებული ურთიერთობისა, ჩვენს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის მეტი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომელიც აუცილებლად ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამთავრობო დონეზე მზადყოფნას ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.