აქტუალური
ვანო მერაბიშვილი: „მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ!“
akt-2-vaniaსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ამ კვირაში ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების თაობაზე სასამართლო პროცესი იწყება. მეც და ჩემი დამცველებიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  სასამართლოში ჩემი სრული უდანაშაულობა დავამტკიცოთ, - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. „ეს პოლიტიკური პროცესია და მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ. ისიც მესმის, რომ ჩემი დაპატიმრება მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასასუსტებლად.
ქუთაისის სასამართლოში ეს საქმე წამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურას მოსამართლე ახალბედაშვილისგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რომ ის გამოიტანდა ჩემი წინასწარ პატიმრობაში აყვანის სრულიად დაუსაბუთებელ და უკანონო განაჩენს.
შემდეგი ნაბიჯი იყო, როდესაც მოსამართლე გურულს გადაწყვეტილება ძალაში დაატოვებინეს. ესეც უპრეცედენტო დარღვევაა! მოსამართლე გურული საერთოდ არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საკითხი, მაგრამ იმდენად დიდია ივანიშვილის სურვილი, რომ მე ციხეში ვიყო, რომ მთავრობა ამ პროცედურულ დარღვევებზეც წავიდა.
ამ დარღვევებს დარწმუნებული ვარ სტრასბურგის სასამართლო ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს. როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი საზოგადოება სულ მალე დარწმუნდება, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა“,
- ნათქვამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.