საზოგადოება
საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა, ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ, გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან ერთხმად გადააყენა. საბჭოს სხდომის დაწყებამდე კი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი საბჭოს წევრმა გიორგი მელაძემ განმარტა, რომლის თქმითაც, სამეთვალყურეო საბჭო ბოლო 3 თვეა უშედეგოდ ცდილობს მენეჯმენტისგან სამომავლო გეგმები გაიგოს და, ამასთან, სტაბილურ გარემოში სურს მუშაობა.
ბორდის თავმჯდომარე ემზარ გოგუაძის განცხადებით, ახალი დირექტორის დანიშვნამდე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ბარათაშვილის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე დაინიშნა.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალი გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსი ათი დღის ვადაში გამოცხადდება.