საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ე.წ. „მოდულის“ შენობაში ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების 110 დისკი სპეციალური აპარატის „შრედერის“ საშუალებით განადგურდა, დისკებზე სულ 144 ფაილი იყო განთავსებული.
მასალების განადგურების პროცესის დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სადაც აღნიშნა, რომ კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და მიიღო ამ მასალების განადგურების გადაწყვეტილება. მინისტრის თქმით, კომისიამ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალების განადგურების საკითხზე კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან გაიარა, მათ შორის თომას ჰამებრბერგთან, კომისიამ ასევე გაიზიარა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც.შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში დაცული 26 ათასი ფაილიდან მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გამოიყო, რომლებიც დღეს განადგურდა. დარჩენილი ფაილები კი შს სამინისტროში ინახება და მათი მოწესრიგება და კატეგორიზაცია მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, კომისია შეაფასებს ამ მასალებს რის შემდეგაც დაიწყება გამოძიება.
მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ აღნიშნულ 26 ათას ფაილში არ შედის სამეგრელოში რამდენიმე თვის წინ აღმოჩენილი 404 დისკზე მოთავსებული ვიდეო და აუდიო მასალა.
დღეს ფაილების განადგურების პროცესს დაესწრნენ კომისიის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - მერაბ გაბინაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - თამარ ქალდანი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი - ლაშა ტუღუში, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი - კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“- ს აღმასრულებელი დირექტორი - ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები. პროცესის დასრულიებისთანავე კომისიის წვრებმა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალის განადგურების“ აქტს ხელი მოაწერეს.
განადგურების პროცესს კომისიის წევრებთან ერთად მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.