უცხოეთი
რუსეთიდან იმ სტუმრების ავტომანქანების ნომრები, რომლებიც თითქოსდა მაია ფანჯიკიძესთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორანში, კერძოა და რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ ეკუთვნით

1-an-gostiსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 3 სექტემბერს, ქართულმა საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ (www.epn.ge) გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ გუშინწინ საღამოს, 22:00 საათისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმყოფებოდა მცხეთაში, რესტორან „მცხეთის გუჯარში“, თითქოსდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად.

ზემოხსენებული რესტორნის ადმინისტრაციამ სააგენტო „ექსპრესნიუსს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 2013 წლის 2 სექტემბერს ქალბატონი ფანჯიკიძე ნამდვილად იმყოფებოდა ღამის საათებში რესტორანში რუსული წარმოშობის პირების თანხლებით.

სააგენტო „ექსპრესნიუსი“ თავისი წყაროს ინფორმაციაზე დაყდრნობით იტყობინებოდა, რომ იმავე დღის დაახლოებით 21:00 საათისათვის, სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავისი სამსახურის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი MFA 007) გაემგზავრა მცხეთაში და გზაში, ავტომაგისტრალზე, მას შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინის ადმინისტრაციის თანაშრომლები „АМР“ და „ААА“ სერიის რუსეთის სახელმწიფო ნომრიანი ავტომანქანებით, რომლებიც, როგორც სააგენტო „ექსპრენიუსი“ ირწმუნება, გამოყოფილია რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების, შესაბამისად, მათი წარმომადგენლების მომსახურებისათვის, რომელთა თანხლებით იგი ზემოდასახელებულ რესტორანს ესტუმრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინვე, 2013 წლის 3 სექტემბერს უარყო სააგენტო „ექსპრესნიუსის“  ინფორმაცია და განაცხადა, რომ იმ საღამოს მაია ფანჯიკიძე თავის დასთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, დედამისის სახლში, ოჯახურ წრეში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ სააგენტო „ექსპრესნიუსი“ ცრუ ინფორმაციისთვის ბოდიშს არ მოიხდის, იგი მას სასამართლოში უჩივლებს.

ზემოთქმულთან დაკავშირებით საქინფორმი აცხადებს:

1. რუსული სანომრე ნიშნების სერიები „АМР“ და „ААА“ მხოლოდ მაშინ წარმოადგენს  რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრემიერ-მინისტრის ანდა რუსი მინისტრების სამსახურებრივი ავტომანქანების კუთვნილების დასტურს, როცა ასოებს მოჰყვება ციფრები „97“, რომლებიც რეგიონზე მიუთითებს. სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ფოტოებზე კი ასახულია ავტომანქანები სანომრე ნიშნებით „77“ და „177“, რომლებიც მიუთითებენ, რომ ეს არის კერძო და არა სახელმწიფო ავტოტრანსპორტი.

2. რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩამოდიან ოფიციალური ანდა არაოფიციალური ვიზიტებით საქართველოში ავტომანქანებით, მით უფრო რუსული სანომრე ნიშნებიანი სახელმწიფო ავტოტრანსპორტით.  საქართველოში რუსულნომრიანი საკუთარი ავტომანქანებით რუსეთში მცხოვრები ქართველები ჩამოდიან.

3. სტუმრები რუსეთიდან, თუ ისინი ქალბატონ ფანჯიკიძესთან ერთად მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში სუფრასთან იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენები, მაგალითად, რესტორნის ქსელის მფლობელები იყვნენ.