საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „კირვალიძემ დამისვა კითხვა და მე ვუთხარი, რომ უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“

1-biz-5საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: თუ დარჩებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თქვენ ავტომატურად მოგიწევთ, ისარგებლოთ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც გავალდებულებთ, რომ პარლამენტს წარუდგინოთ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და საკანონმდებლო ორგანომ ნდობა უნდა გამოუცხადოს პრემიერს და მთავრობას ხელახლა. რომელია ყველაზე სუსტი რგოლი თქვენს მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც შეცვლიდით ამ განახლებული შემადგენლობის წარდგენისას? - ივანიშვილმა უპასუხა:

„ჩვენ გვყავს კარგი და ძალიან კარგი  მინისტრები. დღევანდელი გადმოსახედიდან მე არ მგონია, რომ რომელიმე მინისტრს ახალს წარვადგენდი, გარდა სოფლის მეურნეობის მინისტრისა. მე ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის სასამართლო, რადგან დღემდე არსებობს განსხვავებული აზრი, თითქოს პროკურატურამ რაღაც ცდომილებები დაუშვა. ჩემი გადმოსახედიდან, პროკურატურა იყო კორექტული. კითხვები არსებობდა, მაგრამ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას სასამართლომ. მე მქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა დავით კირვალიძესთან, რომელმაც შემომხედა თვალებში და დამისვა კითხვა და მე ვუთხარი, რომ უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“.