პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „მე მაქვს ჩემი წარმოდგენა ჩემს შემცვლელ კანდიდატზე“

1-biz-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის შესთავაზებს პრემიერი მის შემცვლელად გუნდს და პარლამენტს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ და როგორ გადაინაცვლებს თავად სამოქალაქო სექტორში, ამასთან, ხომ არ გადაინაცვლებს მთავრობის კონტროლი კულისებიდან მის მართვაში, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

„მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი წარმოდგენა ჩემს შემცვლელ კანდიდატზე, ასევე ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო, როგორი მექანიზმით. მე შეგნებულად თავი ავარიდე ჩემს განცხადებაში იმ მექანიზმების განხილვას, თუ როგორ ვაპირებ ამას, ენჯეოს დავაარსებ თუ პირადად ვიაქტიურებ. არ მინდა დღეს ეს გახდეს ძირითადი პოლემიკის საგანი. დღეს მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნების თემა. ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა, რომელსაც მე დავტოვებ, იქნება პატიოსანი, ჩვენ არ გვეყოლება კორუმპირებული ხელისუფლება, ჩვენ მოვახერხებთ გარედან, საზოგადოებამ ვაკონტროლოთ მთავრობა და მივცეთ შენიშვნები. არასდროს კულისებიდან მართვის სურვილი არ მქონია ან რატომ უნდა მქონდეს. რატომ უნდა გავიქცე სადღაც. კულისებიდან ისინი მართავენ, ვინც ვერ მოახერხა პოლიტიკაში მოსვლა. რატომ უნდა მოხდეს ეს, არ მესმის", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ პრემიერობის კანდიდატის გვარს დაასახელებს და ამაზე მსჯელობის დრო კიდევ იქნება, ხოლო რაც შეეხება მინისტრებს, ეფექტიანი გუნდია და ყველა კარგად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს.