საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. სირიაში სავარაუდო შეჭრის საკითხს აშშ-ის კონგრესი მომდევნო სამშაბათს განიხილავს. კონსულტაციები კი ზედა პალატაში - სენატში - უკვე დღეს დაიწყება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მოსმენებზე სიტყვით გამოვლენ აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი.
დაე, ომმა დაიცადოს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ამერიკელი კანონმდებლები შვებულებაში არიან. კონგრესის საზაფხულო არდადეგები მომდევნო ორშაბათს დასრულდება. დასვენებული დეპუტატები კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიბომბოს სირია თუ არა. ჯერჯერობით ძალთა გადანაწილება ბუნდოვანია. კონგრესმენები კი განსაკუთრებული სიფრთხილით ლაპარაკობენ.„ბევრი ინფორმაცია გვაქვს და მიმაჩნია, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტას დრო სჭირდება. ამის გაკეთება გაუაზრებლად არ შეიძლება“, - მიაჩნია წარმომადგენელთა პალატის წევრს რესპუბლიკური პარტიიდან მაიკლ ბერჯესს.
დეპუტატი რაუნდ პოლი კი ვარაუდობს, რომ სიურპრიზებს სენატში არ უნდა ელოდონ. იქაურობას დემოკრატები მართავენ და, როგორც რესპუბლიკელი ამბობს, სტერეოტიპულად აზროვნებენ. წარმომადგენელთა პალატაში სირთულეები იქნება. პრეზიდენტის წარმატების შანსი იქ 50/50–ა.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ქიმიური იარაღი სირიის ხელისუფლებამ გამოიყენა, თუმცა, არა მგონია, შეზღუდული სამხედრო იერიში მოცემულ სიტუაციაში ეფექტიანი იყოს“, - აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი ჯიმ ჰიმსი.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილია სამხედრო მოქმედებების დაწყების ბრძანება ერთპიროვნულადაც გასცეს.