საზოგადოება
"ბიძინა ივანიშვილი ასრულებს ყველა დანაპირებს, მათ შორის აპირებს იმ დანაპირების შესრულებას, რომ 2-3 წელიწადში დატოვებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სხვა ფორმით გააგრძელებდა ქვეყნის სამსახურს. კოალიცია ამისთვის მზად იყო, ვინაიდან ბატონმა ბიძინამ ეს კოალიციის შექმნის საწყის ეტაპზევე ბრძანა. ამიტომ მართვის სისტემა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ნიუანსი და დეტალი ამ საქმისთვის არის მზად. მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ერთ ადამიანზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული და ყველამ შევძლოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება და ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრემიერის გადადგომა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამოიწვევს მთავრობის გადადგომასაც.
"ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, წარმოადგენს პრემიერის კანდიდატურას და მერე შეიქმნება მთავრობა. მთავრობის თავიდან შექმნა არ ნიშნავს ყველა მინისტრის შეცვლას, თუმცა შესაძლოა იყოს საკადრო ცვლილებები, მაგრამ ზოგადად პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, პარლამენტი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, ამიტომ რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ ველით", - განაცხადა უსუფაშვილმა.