აქტუალური
ქაბულში ბაზა „ფენიქსს“ I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ოცეული დაიცავს

1-akt-3-kabulსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ქაბულში ბაზა ფენიქსის დაცვის ამოცანებს საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთი გაძლიერებული ოცეული უზრუნველყოფს.

გაძლიერებული ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ექვსი თვის განმავლობაში ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის პატრულირებას და ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს შეასრულებენ. სამშვიდობო ოცეულმა ავღანეთში მყოფი დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების გაძლიერებული ოცეული როტაციის წესით ჩაანაცვლა.

ოფიციალური გადაბარების ცერემონია ბაზა „ფენიქსზე“ გაიმართა. ღონისძიებას საფრანგეთის, კანადის, პორტუგალიის, ბულგარეთის, რუმინეთის და იორდანიის უფროსი სამხედრო  წარმომადგენლები და ქვედანაყოფის მეთაურები დაესწრნენ.

ცერემონიალზე ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და პოლკოვნიკმა სილვესტერ ქენონმა, რომელმაც  ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული სამშვიდობო მსუბუქი ქვეითი ოცეული ალაბამას შტატის პატივისცემის მედლებით დააჯილდოვა.

საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მე–13 ბატალიონის ოცეულის ჯარისკაცები ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში ემზადებოდნენ.

მათ სპეციალური სწავლება 8 კვირის განმავლობაში ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციაში გაიარეს. სრული სპექტრის  ოპერაციებისთვის  I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ამზადებდნენ, რასაც საქინფორმი არაერთხელ იუწყებოდა.