„პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია არა მარტო დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, არამედ ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მაღალი სტანდარტის არჩევნები, რომელიც იქნება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მკაფიო დემონსტრირება.
დარწმუნებული ვართ, ამომრჩეველი მხარს დაუჭერს საქართველოს სტაბილურობას და ხმას მისცემს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ გიორგი მარგველაშვილს.
მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს - იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ნუ ააგებენ წინასაარჩევნო კამპანიას ტყუილსა და ცილისწამებაზე.
ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველი ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი საქართველო გვექნება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში.
საქართველოს მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქტიურობისაკენ, 2013 წლის 27 ოქტომბერს მივიდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რათა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება საბოლოოდ განვამტკიცოთ და შეუქცევადი გავხადოთ ის პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას განაპირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.