საზოგადოება
საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მართლმადიდებელი მოსახლეობა ელოდება, რომ მინარეთთან დაკავშირებით ერთობლივი შეთანხმება შესრულდება.
პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძის განცხადებით, ამ დროისთვის ახალციხეში სიმშვიდეა.„ჩემთვის უცნობია, თუ როგორ შეხვდნენ საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებას ადგილობრივი მუსლიმები. ყველა შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ურთიერთთანხმობით ვიმოქმედოთ, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ფაქტები. რაღაც ძალები ცდილობენ, ხელოვნურად დააპირისპირონ ერთმანეთს მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ქრისტიანმა და მუსლიმანმა იერარქებმა არ დავუშვათ მსგავსი შემთხვევები", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საპატრიარქომ და მუსლიმთა სამმართველომ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვით სოფელ ჭელაში მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება.