აქტუალური
საქართველოს მთავარი პროკურორი: „მოცემულ ეტაპზე სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის“

1-akt-3-sosoსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. დღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კბილაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს დედაქალაქში ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში, რომელიც უკვე გადაეცა სასამართლოს, ერთ–ერთი დაკავებულის ჩვენებაში არის მინიშნება სოსო პავლიაშვილზე. მაგრამ მოცემულ ეტაპზე ეს გამოძიების მიერ არ არის მიჩნეული საკმარის ფაქტორად პავლიაშვილის მიმათრ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად“.

დღესვე სოსო პავლიაშვილის და მისი სიძის – ვახტანგ ჩხაპელიას ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოსო პავლიაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს თბილისში ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან. ჯავახაძემ აღნიშნა, რომ „პავლიაშვილის მიმართ ჯერჯერობით არავითარი ბრალდება არ წამოუყენებიათ და ბიზნესმენ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში პავლიაშვილის მიმართ არანაირი ბრალდებითი მტკიცებულება არ არის“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „სოსო პავლიაშვილს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს. უბრალოდ, პროკურატურა ვარაუდის დონეზე სწავლობს გარკვეულ გარემოებებს, რადგან სოსო ვახტანგ ჩხაპელიას ცოლისძმაა, ხოლო მოკლული ავთანდილ ადუაშვილი სოსო პავლიაშვილის ბავშვობის მეგობარია“, – აღნიშნა ჯავახაძემ. მისი თქმით, ეს პროკურატურას რიგი გარემოებების ხელახლა შემოწმების საფუძველს აძლევს.