სამართალი
შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟის მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს

1-Semosavlebiსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს  მინარეთის დემონტაჟის მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს.

ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ინდ. მეწარმე ჯამბულ აბულაძის მიერ შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში სასაქონლო კოდი და წონა არასწორად იყო მითითებული, აღნიშნულის დადგენისათვის დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. წონისა და კოდის დადგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულია დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქონლის (ლითონის ასაწყობი კონსტრუქცია - ერთი ერთეული) სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განხილულ იქნა, როგორც საკვლევი ნიმუში. შესაბამისად, საჭირო გახდა ზემოაღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი და გაფორმების ორგანოში წარდგენა.

ამჟამად დასრულებულია შავი ლითონის კონსტრუქციის (მინარეთი) სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა (წარმოდგენილი კონსტრუქციის სასაქონლო კოდი არის 73089099000 - იბეგრება იმპორტის გადასახადით 12%, ნაცვლად დეკლარირებული 94060038000 კოდისა, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით, ხოლო წონამ შეადგინა 2940 კგ ნაცვლად დეკლარირებული 2700 კილოგრამისა) და უბრუნდება მესაკუთრეს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.