საზოგადოება
New York Times: „საქართველოში ხელისუფლების მხარდაჭერა იკლებს“

1-new-york-timesსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი აიძულებს თავის მეზობლებს ევრაზიის ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მოსკოვი ღელავს და საფუძვლიანადაც, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას ამჯობინებენ, - ამის შესახებ გაზეთი New York Times წერს სტატიაში არჩევანი სამხრეთ კავკასიისათვის“, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წლის შემდეგ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან.

აღნიშნულ პუბლიკაციაში ასევე ნახსენებია ხელისუფლების შეცვლის პროცესი საქართველოში და აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ ქვეყანაში შერჩევითი სამართლის გამოყენების ეჭვი წარმოშვა.

საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოლიციამ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. ახალმა ხელისუფლებამ, საზოგადოების მოთხოვნის მოტივით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრა, რამაც ქვეყანაში შერჩევითი სამართლის გამოყენებაზე ეჭვები წარმოშვა. ხელისუფლების მხარდაჭერა იკლებს, რამდენადაც ეკონომიკური მდგომარეობა ვერ უმჯობესდება”, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, სტატიის ავტორების თქმით, პრემიერმა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის დასავლურ კურსს ინარჩუნებს, რუსეთთან დაძაბულობა შეამცირა.

„მოსკოვმა თავის ბაზარზე დაუშვა მანამდე აკრძალული ქართული ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მინერალური წყალი, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე აზრთა ღრმა სხვადასხვაობა რჩება. საქართველომ ფოკუსირება უნდა მოახდინოს დემოკრატიაზე, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებასა და სამხედრო თავდაცვის შენებაზე", - აღნიშნულია სტატიაში.