პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ნიუ-იორკში, ლონგ აილენდზე ქართველი ავიატორის საფლავიც მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, “ალექსანდრე ქართველი აშშ-ის სამხედრო ავიაციის სამხედრო დომინირების ფუძემდებლად ითვლება. მისი სახელის წამოწევა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კიდევ ერთი შეხსენება იქნება, თუ რა ღრმად მიდის ქართულ-ამერიკული მეგობრობის ფესვები“. მისივე თქმით, თბილისში ალექსანდრე ქართველის სახელობის მუზეუმის შექმნაა გადაწყვეტილი.
ალექსანდრე ქართველის სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, მათ შორისაა P-35, P-47, F-84, F-105 და A-10. ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კამპანიებში იყენებდნენ - II მსოფლიო ომში, კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი A-10 Thunderbolt II ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება. ალექსანდრე ქართველი აშშ-ის ატომურ და „ნასას“ პროექტებშიც იყო ჩართული.