აშშ და დიდი ბრიტანეთი სირიის გარშემო სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენენ
საქართველო, 28 აგვისტო,
საქინფორმი. არც დიდ ბრიტანეთს და არც აშშ-ს ჯერ არ დაუზუსტებიათ მზადებაში მყოფი იერიშის დეტალები, თუმცა სირიის კონფლიქტში ჩართვის განზრახვა გაახმოვანეს. მედიის ცნობით, ორივე მხარე ძალიან ახლოსაა ბაშარ ასადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებასთან. ვაშინგტონი და ლონდონი რიტორიკას ამკაცრებენ და ამასთან თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ახდენენ. გაზეთ „გარდიანის“ მონაცემებით, ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე კვიპროსზე, რომელიც სირიის სანაპიროდან 160 კმ-ში მდებარეობს, სამხედრო და სატრანსპორტო თვითმფრინავები ჩადიან. აშშ-სა და ინგლისს ავიაბაზა თურქეთის ტერიტორიაზეც აქვთ.
საზღვრის მეორე მხარეს - იორდანიაში ახლა ამერიკული გამანადგურებლები და რაკეტა „პეტრიოტის“ ბატარეებია. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში აშშ-ს 4 სამხედრო ხომალდი დგას ბალისტიკური რაკეტებით. საფრანგეთიც მზადაა შესაძლო ჩარევისთვის - მისი რეაქტიული გამანადგურებლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია.