აქტუალური
მუსლიმანი მრევლი ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ითხოვს

1-Cela-2საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ამ წუთებში ადიგენიდან ჩასული მუსლიმანი მრევლი ბათუმში მეჩეთთან იკრიბება. ისინი სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აჭარის მთავრობისგან ითხოვენ. მათი განცხადებით, პრობლემა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს.

„ეს არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს, დემონსტრაციები და არეულობა. ესაა მშვიდობიანი, ჰუმანური, სანუგეშო, მუსლიმების მოფერებისათვის და მათი ჭრილობების მოშუშებისათვის. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ლოცვებზე და შევევედროთ ღმერთს, რომ  არ გამეორებულიყოს კიდევ ერთელ ასეთი უხეში დარღვევები, და არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, მთელ საქართველოში მცხოვრები თითოეული მუსლიმის უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა მუსლიმთა სამმართველოს მუფტიმ ჯემალ პაქსაძემ.

ადიგენის რაიონში მიმდინარე მოვლენები უმრავლესობის წევრებმაც შეაფასეს. დეპუტატი ეკა ბესელია მინარეთის დემონტაჟს არა რელიგიურ, არამედ სამართლებრივ საკითხს უკავშირებს.

„არავითარი შემხებლობა ამ კონკრეტულ ფაქტს რელიგიური მიმდინარეობის ხელის შეშლასა ან აღმსარებლობის ხელის შეშლასთან არა აქვს, ეს არის სამართლებრივი ტიპის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მშენებლობას. ტაძრის მშენებლობას, მეჩეთის მშენებლობას აქვს თავისი წესი. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის ასეთი პრეცედენტი, როდესაც ხდება სწორედ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და მათი სურვილის გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღება. რატომ არ უნდა ვკითხოთ ჩვენს ხალხს, რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ხალხის ინტერესი?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.