საზოგადოება
სააკაშვილი: „მე, როგორც მართლმადიდებელი, გამოვხატავ სრულ პატივისცემას ჩვენი მუსლიმი სისხლისა და ხორცის მიმართ“

1-misha-adigeniსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ადიგენის რაიონი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, ორთა-ჯამეს მეჩეთთან მივიდა და იქ შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღაშფოთა ბევრი ქართველი მართლმადიდებელი. ის რაც მოხდა ადიგენში, არის წინასწარგანზრახული ძალიან ცუდი შინაარსის მქონე პროვოკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში აპირისპირებს ქართველს ქართველთან,  აპირისპირებს საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს... მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ შეწყვიტოს ზიზღის ენით და შურისძიების ენით ლაპარაკი.

ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა მეზობლებად გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი, სხვა ქვეყნები და ეს მათთანაც გვიქმნის პრობლემებს, პრაქტიკულად ჩვენ ვრჩებით პირისპირ მხოლოდ ერთი მეზობლის - ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის მიმართ.

მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისა და საერთოდ ქრისტიანებისთვის ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა და ამას აქვს თავისი შედეგები.

მე აქ მოვედი მეჩეთის წინ სწორედ იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში, რომ საქართველოს მმართველები, საქართველოს პოლიტიკოსები ყველა აღმსარებლობას ერთნაირად სცემდნენ პატივს და მე, როგორც მართლმადიდებელმა, მინდა გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლისა და ხორცის მიმართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.