საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ შეხვედრა გამართეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან სამშვიდობო ოპერაციების დარგში ედმონდ მულეტთან.
ქართული მხარე განიხილავს შესაძლებლობას, დამკვირვებლის სტატუსითა და ასეულით გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, აუცილებელია ქართველი სამხედროების შესაბამისი გადამზადება და აღჭურვა. ამ მიზნით ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, კონსულტაციები დაიწყოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტთან.
ანუ ამიერიდან ქართველი სამხედროები არა მარტო ნატოს ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში, არამედ გაეროს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგალითად - სირიაში, თუ ხვალ დაწყებული ომი მალე დამთავრდება და იქ გაეროს ცისფერჩაფხუტიანები შევლენ.
(აქამდე ქართულ ქვედანაყოფებს გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, 2005-2007 წლებში ქართული ბატალიონი აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ერაყში გაეროს მხარდამჭერ მისიაში იყო ჩართული. 550 ქართველი სამხედრო ბაღდადში გაეროს შტაბბინას იცავდა).