უცხოეთი
საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი მხარს უჭერდა და კვლავაც აღმოუჩენს სამხრეთ ოსეთს ყველანაირ მხარდაჭერას, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთის მეთაური ლეონიდ თიბილოვისათვის გაგზავნილ წერილში.
გზავნილი ორშაბათს, ცხინვალში გამართულ საზეიმო სხდომაზე ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა ილიას უმახანოვმა გაახმოვანა, რომელიც საზეიმო ღონისძიებაზე რფ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.სამხრეთ ოსეთი გუშინ რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავს აღნიშნავდა. ვლადიმერ პუტინმა თავის მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ „2008 წლის აგვისტოში რფ-ის მიერ მიღებულმა არცთუ იოლმა, თუმცა ერთადერთმა სწორმა გადაწყვეტილებამ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან მოძმე ერის დასაცავად და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ახალგაზრდა რესპუბლიკას საშუალება მისცა, დამოუკიდებლად გადაეწყვიტა საკუთარი ბედი“.
„რუსეთი კვლავაც აღმოუჩენს ყოველგვარ მხარდაჭერას სამხრეთ ოსეთს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ძმური კავშირი კვლავაც განმტკიცდება და გაფართოვდება“, - ნათქვამია რფ-ის პრეზიდენტის გზავნილში.