პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი: „მინარეთის დემონტაჟი ჩვენი ქვეყნის მუსლიმანი მოქალაქეებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“

1-vano-muslimebiსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ჩემს მშობლიურ ადიგენის რაიონში გუშინ ადგილი ჰქონდა მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს - ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით, აბსურდული მიზეზითა და აგრესიული ფორმით განხორციელდა მუსლიმანური მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც ჩვენი ქვეყნის მუსლიმანი მოქალაქეებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა. ინციდენტს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენება მოჰყვა. მსგავსი უგუნური ქმედებით, ამჟამინდელი მთავრობა არა უბრალოდ ხელჰყოფს ჩვენი ქვეყნის მაჰმადიან მოქალაქეთა ჯგუფის ფუნდამენტურ სამოქალაქო და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ადგილი არანაირ მსგავს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტს არ ჰქონია. 
მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგოს და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივ მუსულმან მოქალაქეებს. ასევე აუცილებელია შეწყდეს რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის დევნა და ისეთი მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, როგორიცაა დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ“, - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.