აქციის მონაწილეებისათვის სოლიდარობის გამოსაახატავად დილიდან ახალციხეში ჩავიდნენ ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები. სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორეც.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან სიტუაცია გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ჭელასთან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილობრივების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, ხოლო შემოწმების შემდეგ მინარეთს კვლავ დაამონტაჟებენ.
საქართველოს მუსლიმთა კავშირის წევრები ამ დროისათვის ახალციხეში იმყოფებიან და ადგილზე გაეცნობიან სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს მომხდარი ინციდენტის დეტალებს. ხსენებული ფაქტი წუხელ ბათუმის მეჩეთთანაც გააპროტესტეს. წუხელ მეჩეთის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და მუსლიმთა სამმართველოს წევრებიც მივიდნენ. მოგვიანებით მუფთმა აღნიშნა, რომ ძალიან შეურაცხყოფილია ჭელაში მომხდარი ინცინდენტის გამო.
„ძალიან დამწუხრებული ღვთის წინაშე ვამბობ, მოუხდელი ცოდვაა... ჩვენ შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენელბს, აგვიხსნეს, რომ ეს იყო უკანონოდ შემოტანილი საბაჟოზე, არასწორად განბაჟებული, მოხდება ხელმეორედ განბაჟება ამისი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ტოლერანტი ერი და ხდება ეს... არასწორია“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძემ.