აქტუალური
მაია ფანჯიკიძე: „სერგეი ლავროვმა პრემიერი ივანიშვილის განცხადება არასწორად გაიგო“

1-panjikidzeსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ჩანს, სერგეი ლავროვმა პრემიერ–მინისტრის განცხადება არასწორად გაიგო , – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად იგი აფხაზებსა და ოსებთან საქართველოს პირდაპირ დიალოგს მიესალმება.

პრემიერის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ უნდა ვაღიაროთ ჩვენ შეცდომები და ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ, ეკონომიკური წარმატებისა და ქვეყნის განვითარების პარალელურად, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთად, ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ "საქართველოს ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს მოხდა პირველად 2010 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ამის შესახებ, ხოლო 2013 წელს ახალმა ხელისუფლებამ ეს განცხადება გაიმეორა. შესაბამისად, ცალმხრივად საქართველოს მხრიდან უკვე არის შესრულებული, ახლა კი ჯერი რუსეთზეა, რომელიც ამ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ არ ასრულებს".

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. „ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებულები ვართ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის”, – განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.