საზოგადოება
ლავროვი: „ვიმედოვნებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდებით მოლაპარაკების და ძალის გამოუყენებლობის აუცილებლობაზე“

1-lavrov-2საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოილაპარაკონ აფხაზეთმა და საქართველომ, სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ, - ამის შესახებ რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ტელერადიოკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ.

"რუსეთი ამას მიესალმება. გვჯერა, რომ თუ უბრალო ადამიანებს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და საკუთარი ინტერესების რეალიზებაში დავეხმარებით, გეოპოლიტიკური დაბრკოლებების გვერდზე გადადება შესაძლებელია", - განაცხადა ლავროვმა, რომლის განმარტებით, აუცილებელია ფიქრი ხალხზე და არა ვიღაცის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე, მით უფრო მაშინ, თუ ისინი განუხორციელებელია.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე შეთანხმება უახლოეს ხანებში შედგება, თუმცა ამ მიმართულებით სწრაფი სვლა არ შეინიშნება.

"ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის რეალიზება მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდებით მოლაპარაკების და ძალის გამოუყენებლობის აუცილებლობაზე. არსებობს კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც პატიოსნად განხილვა და არსებული რეალობის გათვალისწინება სჭირდება. რეალობა კი ასეთია – უპირველეს ყოვლისა, უნდა მოილაპარაკონ აფხაზეთმა და საქართველომ, სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ", - განაცხადა ლავროვმა.