უცხოეთი
მილიარდერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე აღიძრა

1-ucx-2-trampსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ნიუ იორკის შტატის მთავარმა პროკურორმა სარჩელი აღძრა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, რომლითაც მილიარდერი „ტრამპის უნივერსიტეტის“ მუშაობის ორგანიზებისას ჩადენილ თაღლითობაში დაადანაშაულა, - იუწყება სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“.

პროკურორ ერიკ შნაიდერმანის განცხადებაში მითითებულია, რომ ორგანიზაცია, რომელმაც მაღალი კლასის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა ივალდებულა, სინამდვილეში მხოლოდ თავისი კლიენტებისაგან სახსრების აკრეფით იყო დაკავებული. შნაიდერმანის თქმით, მსმენელებს ძვირად ღირებულ და ხშირ შემთხვევაში უმაქნის სემინარებში მონაწილეობისათვის მიიზიდავდნენ. ამასთან, 5 ათას მსმენელს, რომლებმაც სწავლაში 35 ათასი დოლარი გადაიხადეს, ტრამპთან პირადად შეხვედრას შეჰპირდნენ, თუმცა ამის ნაცვლად მხოლოდ მისი ფოტოსურათის ფონზე გადაუღეს სურათი.

„ტრამპის უნივერსიტეტი კლიენტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებდა და თავისი ფასიანი პროგრამებით მათ რეალური ფინანსური ზარალი მიაყენა“, - ნათქვამია შნაიდერმანის განცხადებაში. სასარჩელო მოთხოვნის საკომპენსაციო თანხა, პროკურორის მოთხოვნით, 40 მლნ დოლარს შეადგენს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ყველა ბრალდება უარყო და მათ ცრუ და დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა (ტრამპი ცნობილია, როგორც ბარაქ ობამას თანმიმდევრული კრიტიკოსი). ბიზნესმენის დაცვის მხარემ უკვე 11 ათასი დოკუმენტი შეაგროვა, სადაც კურსის მსმენელები სწავლით კმაყოფილებას გამოთქვამენ.