პოლიტიკა
არმაზ ახვლედიანი: „დღეს ის რეალობაა, როდესაც უამრავი ადამიანი უერთდება „ქართულ ოცნებას!“ - პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა

polit-1-A2-armazსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

არმაზ ახვლედიანმა უარყო ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადასვლის შესახებ და  კონკურენტების მხრიდან სასაცილო პოლიტიკური ტრიუკი უწოდა: „დღეს ის რეალობაა, როდესაც უამრავი ადამიანი უერთდება „ქართულ ოცნებას“! 1 ოქტომბრის შემდეგ დგება დრო, როდესაც საქართველო უნდა გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და ამიტომ რაიმე გადინებაზე, მით უფრო მასობრივზე, ლაპარაკი ზედმეტია. ერთი წლის წინ მმართველი გუნდიდან გადასვლა იყო ღალატი და ქვეყნის დაქცევის ტოლფასი, დღეს ამაყი ვარ, რომ ორი წევრის გადასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ყველა თავისუფალია არჩევანში. „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აძლევენ ამის მაგალითს ჩვენს წევრებს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე, ისაუბრა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებზე  და გიორგი მარგველაშვილს საქართველოს კანდიდატი უწოდა: „პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ხდება ის, რომ თვისობრივად ახალი ტიპის, თანამედროვე, სამართლიან და არა ორმაგი სტანდარტებით მცხოვრებ და მოქმედ პიროვნებას აირჩევს საქართველო. სწორედ ასეთია ჩვენი კოალიციის კანდიდატი და ის არ არის მხოლოდ კოალიციის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი არის საქართველოს კანდიდატი. იმიტომ რომ საქართველო აკეთებს არჩევანს სამართლიანობის და მეტი დემოკრატიის სასარგებლოდ, აკეთებს არჩევანს იმის სასარგებლოს რომ ქართული პოლიტიკის ცენტრში დღეიდან, 1 ოქტომბრიდან  და მუდამ იყოს უმთავრესი ფასეულობა – ადამიანი,  და ადამიანის ირგვლივ იყოს მთელი პოლიტიკა. ასეთია „ქართული ოცნების“ არჩევანი 1 ოქტომბრიდან და ასეთი იქნება მანამ,  სანამ „ქართული ოცნება“ იქნება აქტიურ პოლიტიკაში“.

არმაზ ახვლედიანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატ თამარ ჟვანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე: „საქართველოში დადგა დრო, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ განიხილავენ კაბინეტებში და ხელისუფლება კუთხეში შეყუჟული იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ისეთი თავმჯდომარე იპოვოს, არჩევნები გააყალბოს და მოიგოს, არამედ ასპარეზი, კანონის მიხედვით, საზოგადოების წარმომადგენლებს  დაუთმოს და ყველაფერი იყოს მკაცრად შესაბამისობაში კანონთან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნებისმიერ ახალ თავმჯდომარეს თვისობრივად სხვა გარემოში მოუწევს საქმიანობა, მაშინ როცა ზეწოლა არ იარსებებს, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება, უმთავრესი გამოწვევა, სირთულე ის იქნება, თუ როგორ მოახერხებს  დემოკრატიულ  და კონკურენტულ გარემოში, როგორც ცივსისხლიანი  ადმინისტრატორი, არჩევნების ჩატარებას. ეს არჩევნები იქნება თავისი ფორმით და შინაარსით უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში“, – განაცხადა ახვლედიანმა.