საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „არც ერთი ჟურნალისტი არ გადმოსულა BBC-დან და CNN-დან"
1-bizooსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ტელევიზიის შენახვა თვეში 1 მილიონი ლარი ჯდებოდა და ამას მხოლოდ ჟურნალისტებისთვის ვაკეთებდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „მეცხრე არხის“ გათიშვასთან დაკავშირებით განაცხადა. "ძალიან ცუდად მოიქცნენ ჟურნალისტები და ტელევიზიის ხელმძღვანელობა. საინფორმაციო გამოშვების შემდგომ დახურეს ტელევიზია. ჩემთვის უცნაური იყო ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის რეაქცია არხის გათიშვაზე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განმარტებით, იგი საერთოდ არ აპირებდა ტელევიზიის გახსნას.  
„მე ვიცოდი შედეგი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი. მე მინდოდა, ამეშენებინა, ჩამედო ინვესტიცია და უფასოდ მიმეცა უკან. მე მქონდა კარგი სურვილები, რომ ჟურნალისტებიც უმუშევრები არ ყოფილიყვნენ და აპარატურაც გადამეცა არხებისთვის. დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდებოდა ტელევიზიის შენახვა თვეში. მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ. მე მახსოვს, რამდენიმე რამ მთხოვა ქალბატონმა ლუბამ, როდესაც ჩემი განცხადება გავუგზავნე. ერთი მთხოვა ის, რომ ამომეღო, რომ "ინფო 9" იყო დროებითი პროექტი და ეს მათ იცოდნენ. მეორე დამირეკა და მთხოვა, ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტებისთვის ვაკეთებდი. ვკითხე, რატომ უნდა ამომეღო. უნდათ, რომ გაბრაზებულები და განაწყენებულები იყვნენ. მაშინ როდესაც მე თანმიმდევრულად მოვიქეცი, ეს დამოკიდებულება შოკისმომგვრელი იყო ჩვენთვის. არც ერთი ჟურნალისტი არ გადმოსულა "ბიბისი“–დან და "სიენენ“–იდან და არც სხვა ცნობილი ტელევიზიიდან,  უმრავლესობა იყო არაპროფესიონალი ჟურნალისტები. როგორც სასწავლებელი, ისე გამოდიოდა ეს და ხელფასს იღებდნენ და ახლა მამადლებენ, რომ ჩვენ გამოგვიყენაო, ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებენ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.