„პრემიერ-მინისტრის ოჯახის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გაგებით შეხვდა. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არხის საინფორმაციო სამსახურმა მთავარ - 9–საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი გულისტკივილიც დელიკატურად გამოთქვა და არხის მფლობელს აქამდე გამოჩენილი თანადგომისთვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტისთვის, მადლობაც გადაუხადა.
„მეცხრე არხის“ ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას ,,გამოყენების“ შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.
რაც შეეხება არხის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს: საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა დიდ ნაწილს მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი ჟურნალისტური წარსული აქვს . მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედია საშუალებებთან: BBC (ქეთი თუთბერიძე), RaiNews (თამუნა ხურცია), Deutsche Welle (დავით ახვლედიანი), France Press (გიორგი ფოფხაძე), Voice of America (რუსუდან წერეთელი), CNN (ლაშა ზარგინავა), National Geographic (გია ცინცაძე), New York Times (თამთა კაპანაძე) და ა. შ.
პრემიერ-მინისტრს არაერთხელ აღუნიშნავს ,,მეცხრე არხის“ ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. შესაბამისად, ჩვენთვის მოულოდნელი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. მიგვაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს არ მიეწოდებოდა რეალური ინფორმაცია არხის რეიტინგისა და თანამშრომელთა განწყობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.