სამართალი
ნანა კაკაბაძე ცესკო-ს დადგენილებას გაასაჩივრებს

1-kakaba-nanaსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ კაკაბაძემ ცესკო-დან მიღებული დადგენილების შემდეგ განაცხადა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. კაკაბაძის განმარტებით, ცესკო-ს დადგენილებაში მითითებული არგუმენტები ურთიერთგამომრიცხავიа, საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა კი რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით - კანონიერი და სამართლებრივად გამართლებულია. კაკაბაძის თქმით, დადგენილებაში მითითებულია, რომ რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს მხოლოდ იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით. ასევე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმის გზით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

თავის მხრივ, ცესკო-ს მდივანმა გიზო მჭედლიძემინფო 9“-სთან საუბრისას განმარტა, რომ ცესკო-ს დადგენილება სამართლიანია და მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების თანახმად დაიწერა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცესკო-ს 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი) და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?” დიახ, არა” - უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.