საზოგადოება
ბაჩუკი ქარდავა: „საარჩევნო მარათონში არ ვისურვებდი ისეთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, რომელიც რუსულ ორბიტაზეა ორიენტირებული“

1-bachuki-kardavaსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავა განცხადებით, რომელიც მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გუშინდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა დაკარგა, თუმცა, ეს მათი მარცხის მომასწავებელი არ არის.

ამ საარჩევნო მარათონში ნამდვილად არ ვისურვებდი ისეთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, რომელიც ცალსახად და ღიად არის ორიენტირებული ჩრდილოეთზე, ანუ რუსულ ორბიტაზე, მე მიმაჩნია, რომ დღეს გააქტიურდა პრორუსული ძალების მუშაობა საქართველოში, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა არ აქვთ. რაც შეეხება შანსებს, ალბათ ყველაზე მეტი შანსი "ქართულ ოცნებას" აქვს. ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ამ ერთ წელიწადში, მართალია, მათ მხარდამჭერთა სოლიდური რაოდენობა დაკარგეს, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე მათ დამარცხებას მოასწავებს. რაც შეეხება მეორე ტურს, თუ კვლევებსა და საზოგადოების განწყობას დავაკვირდებით, მაშინ ყველაზე სწორი არის ის, რომ შედგეს მეორე ტური", - განაცხადა ქარდავამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, რომელმაც პოსტი 12 აგვისტოს დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის, სწორედ ბაჩუკი ქარდავასა და პაატა დავითაიასთან აპირებს თანაშრომლობას.