საზოგადოება
ადვოკატები ჩხიტუნიძის ექსტრადიციას ითხოვენ

1samartali-1-CxituniZeსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ცალკე იქნეს განხილული. ადვოკატები მის დაუყოვნებლივ ექსტრადიციას ითხოვენ და ირწმუნებიან, რომ ჩხიტუნიძეს გირგვლიანის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე 2013 წლის 13 აგვისტოს ათენში დააკავეს და ამჟამად ის სავადმყოფოში იმყოფება, ვინაიდან, ადვოკატების ინფორმაციით, სასტიკად ნაცემს თავის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

როდესაც მოხდა მისი შესახლება ათენის საპყრობილეში, იქ დახვდა 80 თავისუფლებააღკვეთილი. დავით ჩხიტუნიძე იცნეს, როგორც მათი ყოფილი გამომძიებელი და წავიდა უკვე მუქარა და შუღლი, რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მოსალოდნელი იყო მასზე თავდასხმა“, - განაცხადა ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა.

ათენის ციხეში ჩხიტუნიძის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჩხიტუნიძე უკვე  მოინახულა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩხიტუნიძის დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუუქმებია. მას ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი, რადგან იმყოფებოდა დიპლომატიურ თანამდებობაზე, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულებით პასპორტს მოქმედების ვადა გაუგრძელდა ერთი წელი. იგი დაკავებული იყო სწორედ იმის გამო, რომ იძებნებოდა, - განაცხადა მინისტრმა.