აქტუალური
„ყველაფერი, რაც წყენას გამოიწვევდა მედვედევსა და პუტინში, პრეზიდენტის ინტერვიუდან გაქრა!“ - ვის გულისხმობდა სააკაშვილი „კონკრეტულ კომისარში“, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელს” აკონტროლებს?

1-aqt-2-saakaSviliსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 აგვისტოს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი” გააკრიტიკა. სააკაშვილის განცხადებით, ტელეარხმა მისი 2013 წლის 8 აგვისტოს ინტერვიუდან, სადაც იგი აგვისტოს ომის დეტალებზე საუბრობდა, ამოიღო ყველა ეპიზოდი, რომელიც რფ-ის პრეზიდენტ პუტინისა და პრემიერ მედვედევის წყენას გამოიწვევდა.

„ყველაფერი, ძირითადი ნაწილი, რასაც შეიძლებოდა წყენა გამოეწვია მედვედევსა და პუტინში, პრეზიდენტის ინტერვიუდან გაქრა! არ ვიცი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედი პრეზიდენტის ინტერვიუს დაჭრის პოლიტიკური ნიშნით... სხვაგან ვერ ვიტყვი თუ რა, მაგრამ ეს არის საბავშვო თამაში! „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ზის კონკრეტული კომისარი, ერთი კონკრეტული კადრის და ის იღებს ყველა ამ გადაწყვეტილებას!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის ზემოაღნიშნულ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე, რომლის თქმითაც, შეთანხმებული 15-წუთიანი ინტერვიუს ნაცვლად ჟურნალისტმა 50-წუთიანი ინტერვიუ მიიტანა, საიდანაც ეთერში 46 წუთი გაუშვეს, ამასთან, „არც ერთი ქცევის კოდექსი არ ავალდებულებს ჟურნალისტს, რომ მასალა დამონტაჟების გარეშე გაუშვას“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადებით, „საბოლოოდ ეთერში გასულმა მასალამ 25 წუთით გადააჭარბა წინასწარ დადგენილ ქრონომეტრაჟს, ამრიგად, ინტერვიუში მოხვდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი“.

ამასთან, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, იმის დასტურად, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეთერში გასვლის დროს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა, დაინტერესებულ პირებს შესთავაზა ამონარიდი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან“.