საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მიერ აფხაზეთში რეზერვატის შექმნას გმობს

rezervat-kavkasსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რფ-ის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევის განკარგულების გამო, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის რეგიონის მონაკვეთზე ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამგვარი ქმედება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას წარმოადგენს. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი "შეთანხმება" უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ამჟამად არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნის თაობაზე განსაკუთრებით არაადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას, სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების გატანით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის უკანონო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები”,
– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რფ-ის მთავრობის პრესსამსახურის ამასწინანდელი ცნობით, პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ტრანსასაზღვრო რეზერვატ „კავკასიური რელიქტურის“ შექმნას რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე.