სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავა

sam-1-interpolსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისის ინტერპოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 1975 წელს დაბადებული მუსტაფა აიაზი სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლისას დააკავა. აღნიშნული პიროვნება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით (სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის გერმანიის ინტერპოლის მიერ 05.06.2007 წლიდან იძებნებოდა. ბონის რეგიონული სასამართლოს 07.04.2006 წლის განაჩენით, სასჯელის აღსრულების მიზნით, მუსტაფა აიაზს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლისას, სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 27.05.2013 წლიდან საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებული, 1986 წელს დაბადებული ჯავიდ მაჰარამოვი დააკავეს.ჯავიდ მაჰარამოვმა 19.09.2011 წელს ბაქოში, ერთ–ერთი კაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს მოქალაქე მუხრატ ხაჯიევს სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა.
29.12.2012 წელს ბაქოს საბუნჩუს რაიონულმა სასამართლომ ჯავიდ მაჰარამოვის დაპატიმრების განკარგულება გასცა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 221.2.1 (ხულიგნობა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამჟამად ორივე ძებნილი გადაყვანილია აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

sam1--interpol-1 sam-1-interpol-2