რედაქტორისგან
„ეს იქნება ხიდი ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის!“ – საქინფორმი პრემიერ ივანიშვილს სთხოვს, “TV 9” მმართველობაში მას გადასცეს

polit-1-redaq-GEOსაქინფორმის მიმართვა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბ. ივანიშვილს
ბატონო პრემიერ–მინისტრო!
თქვენი გადაწყვეტილება TV 9”–ის დახურვის თაობაზე საქინფორმისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „მეცხრე არხმა“ თავისი სახე დაკარგა, ახალი კი ვეღარ იპოვა, რისთვისაც არაერთხელ მკაცრად, მაგრამ ობიექტურად იქნა გაკრიტიკებული საქინფორმის მხრიდან (ბოლოს – ა.წ. 6 აგვისტოს).
თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით – ტელეარხის ამ სახით დატოვება დაუშვებელი იყო და რომ არა ლოგო „TV 9“ ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში, „რუსთავი 2“–საგან მისი გარჩევა ტელემაყურებელს გაუჭირდებოდა...

თქვენს გადაწყვეტილებას თქვენ ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპის დადგომით ასაბუთებთ, როგორიცაა საპრეზიდენტო არჩევნები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგეები ამდენად კეთილშობილნი არ არიან – თქვენი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისევ იმუშავებენ მიხეილ სააკაშვილის „რუსთავი 2“ და „საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლის“ I არხი, რომელიც თქვენ საზოგადოების სამსახურში ჯერაც ვერ ჩააყენეთ. ამიტომ ჩვენ თქვენთან საქმიანი წინადადება გვაქვს, რომელმაც თქვენ, როგორც ბიზნესმენი და პატრიოტი, უნდა დაგაინტერესოთ.

ბატონო ბიძინა!

გთხოვთ, არ გაყიდოთ „მეცხრე არხი“, არამედ ის 2 თვით მმართველობაში გადასცეთ საქინფორმს. დიდად არ დაზარალდებით, რადგან ხომ მაინც შეჰპირდით „TV 9“–ის ყველა თანამშრომელს 2 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციის გადახდას. დაე, ეს 2 თვე „მეცხრე არხმა“ საქინფორმის ხელმძღვანელობით ტესტურ რეჟიმში იმუშაოს და თუ შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ – მის დახურვას ყოველთვის შეძლებთ.

2 თვის განმავლობაში – 2013 წლის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით – საქინფორმი ეცდება ტელეარხის პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნებით კარდინალურად შეცვალოს მისი კონტენტი. საქართველოში გაჩნდება ერთადერთი ტელეარხი, რომელიც ქართულ და რუსულ ენებზე ობიექტურად გააშუქებს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგების პროცესს და მოუყვება მოქალაქეებს – რით ცხოვრობენ მათი თანამემამულეები საზღვრების სხვადასხვა მხარეს, რომლებიც დამნაშავე პოლიტიკოსთა ბრალეულობით გაჩნდა. საეთერო დრო პროპორციულად განაწილდება და დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე რუსეთში ჩვენს კორესპონდენტებს დაბრკოლებებს არ შეუქმნიან და რეპორტაჟების გაკეთების შესაძლებლობას მისცემენ, ხელს შეუწყობენ მრგვალი მაგიდების ორგანიზებაში ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლების მონაწილეობით.

აი, შემდეგ კი რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მდიდარი ბიზნესმენები, რომლებიც ასე იწვიან ისტორიული სამშობლოს დახმარების სურვილით, დაე გახდნენ ჩვენი სპონსორები, მითუმეტეს, რომ რუსეთის ქართული დიასპორის ცხოვრება ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ზემოთ ჩამოთვლილი თემებთან ერთად! თუმცა მათი მხრიდან სპონსორობა მოცემულ შემთხვევაში – არ არის მხოლოდ ფილანტროპია და პატრიოტიზმი: ქართულ ღვინოებს, მინერალურ წყლებს და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას, რომლებიც თქვენი მცდელობის წყალობით, ბატონო პრემიერ–მინისტრო, რუსეთის ბაზარზე გავიდა, რეკლამა სჭირდება! ეს – ხელსაყრელი ბიზნესია, და სად უნდა განათავსონ ბიზნესმენებმა რეკლამა, თუ არა საქართველოს ერთადერთ ორენოვან ტელეარხზე?! რეკლამა სჭირდებათ სატრანსპორტო კომპანიებსაც, რომლებმაც საავტომობილო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები დაიწყეს საქართველოდან რუსეთში და პირიქით, აგრეთვე – მესამე ქვეყნებში.

მაგრამ რეკლამა მხოლოდ ვაჭრობას და ტრანსპორტს როდი ესაჭიროება – რაკი ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა დავიწყეთ, ეთერი უნდა დავუთმოთ ქართულ და რუსულ კულტურას, გავაშუქოთ შემოქმედებითი კოლექტივების ორმხრივი გასტროლები. ახალგაზრდა თაობამ დაინახოს, როგორ შეხვდებიან ტელეხიდ თბილისი–მოსკოვის დროს ერთმანეთს გამოჩენილი ქართველი და რუსი რეჟისორები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები, რომლებსაც მრავალი წელი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ!

ჩვენ გვინდა, რომ პრემიერმა ივანიშვილმა გაარღვიოს საინფორმაციო ბლოკადა მოძმე ხალხებს შორის, როგორც ცოტა ხნის წინ გაარღვია ეკონომიკური ბლოკადა რუსეთსა და საქართველოს შორის! დარწმუნებული ვართ, რომ ერთიანი საინფორმაციო სივრცე პირველი ნაბიჯი იქნება ღია დიალოგისკენ, გახდება ხიდი ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის!

ღრმად პატივცემულო ბიძინა გრიგოლის ძევ!

საჯარო მიმართვის ფორმა საშუალებას არ გვაძლევს, ტელეარხის მენეჯმენტის რეორგანიზაციის ჩვენი კონცეფცია წარმოგიდგინოთ, ამიტომ მზად ვართ ეს ნებისმიერ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს გავაკეთოთ.

პატივისცემით,
საქინფორმის ჟურნალისტთა კოლექტივის სახელით –
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი, 2013 წლის 20 აგვისტო