აქტუალური
კონფლიქტი პანკისის ხეობაში - ქართველები და ქისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

aqtualuri-3-kistebiსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. პანკისის ხეობაში დაძაბულობა განმხუტულია. ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირების მოსაგვარებლად წუხელ გვიანობამდე გრძელდებოდა მოლაპარაკებები. თელავში მიმდინარე შეხვედრებში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.

ინციდენტი კვირას, 17 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მანქანაში მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ მატანში გაგრძელდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებაში პარლამენტარ ზურაბ ზვიადაურის ძმაც მონაწილეობდა. თუმცა თავად დეპუტატი ამ ფაქტს უარყოფს.

მოგვიანებით ხელკეტებით შეიარაღებულმა მატნის მოსახლეობამ პანკისის ხეობისაკენ გზა გადაკეტა. ისინი პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე მოძრავ მანქანებს აჩერებდნენ და თუ მანქანაში ეთნიკურად ქისტი მამაკაცები აღმოჩნდებოდნენ, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქისტების კუთვნილი რამდენიმე მანქანა დააზიანეს კიდეც. სიტუაცია იმდენად იყო დაძაბული, რომ ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.