აქტუალური
სტურუა: „Good Bye!” რურუა: „ბატონი სტურუა პირადად ჩემი გადაწყვეტილებით გავათავისუფლე!“

aqtual-2-good-byeსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. 17 აგვისტოს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც რუსთაველის თეატრის განადგურებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

სააკაშვილმა, კულტურის მინისტრის ხელით, რუსთაველის თეატრის განადგურება მოახერხა. ნიჭიერი მსახიობი და უნიჭო ადმინისტრატორი ამ პროცესს გაუგებარი ვნებებით შეპყრობილნი ბოლომდ მიიყვანენ.
მე ვზივარ ამ იდიოტურ კომპიუტერთან და ვფიქრობ: წავიდე თუ დავრჩე?.. თუ უკანალი ვინმე კონგრესმენს აქვს, მე იმერული ვაჟკაცობა მშველის. ამ უნიჭო მებრძოლთა სიაში ვერ ჩავეწერები. ინგლისში ვიღაცამ მითხრა: მაყურებელს გონია თუ ტაკიმასარა შექსპირის ტექსტს ამბობს - ეს მისი ტექსტიაო... და ზოგჯერ მსახიობიც იჯერებს ამას...სამწუხაროდ... 55 წელი ვარ ამ ტაძარში და ასეთი დაძაბულობა არ ყოფილა ... მე რა 75 წლის ვარ...good bye...“, – დაწერა რობერტ სტურუამ.

“რადგან ეს პრესაში არაერთხელ განვაცხადე, მაგრამ ამ თემას ისევ და ისევ უბრუნდება ხოლმე ბატონი რობერტ სტურუა, უკანასკნელად ვეხმიანები მის განცხადებას რუსთაველის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების მიზეზებისა და ამ გადაწყვეტილების მიმღების ვინაობის თაობაზე - ბატონი სტურუა ეთნიკური კუთვნილების სალანძღავ ეპითეტად არაერთჯერადი საჯარო გამოყენებისათვის პირადად ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებით გავანთავისუფლე დაკავებული თანამდებობიდან. პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე არც საქმის კურსში ჩამიყენებია და ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, მას არ მიუღია. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი, რომელიც არაერთხელ მითქვამს, იყო მკაფიო პოზიციის ჩვენება სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომ ისინი საკუთარ სამშობლოში მეორეხარისხოვანი ხალხი არ არიან. ეს იყო სამართლიანი და, ჩვენი სამშობლოს მრავალეთნიკური კომპოზიციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გადადგმული სწორი ნაბიჯი - ეს მჯეროდა მაშინაც და მჯერა ახლაც”, - უპასუხა სტურუას კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.