სამართალი
შსს-მ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაკარგული მოქალაქეები იპოვა

samart-1-moqalaqსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა და ახალციხის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის პარკში დაკარგული 4 ქართველი და ერთი გერმანელი მოქალაქის ერთობლივი საძიებო-სამაშველო ღონისძიებები განახორციელეს.

16 აგვისტოს ახალციხის რაიონის სოფ. წინაუბნიდან ხუთი მოლაშქრე ბორჯომ-ხარაგაულის პარკის და იქ მდებარე ე.წ. „სტამბოლის მთის“ მოსანახულებლად წავიდა. უკან დაბრუნებისას ტყეში დააღამდათ და გზის გაკვლევა ვეღარ შეძლეს.

დაკარგულთა ოჯახის წევრები იმავე ღამეს დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და დახმარება ითხოვეს. ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს დაკარგული მოლაშქრეების ძებნა და გამთენიისას ხუთივე მათგანს ე.წ. ნახანძრალი ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

მოლაშქრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ.

samart-1-moqalaq-1