ცნობისათვის: სატრანსპორტო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 2006 წელს ურთიერთობის გამწვავების ფონზე შეწყდა. საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთმა ოფიციალურმა გამშვებმა პუნქტმა მუშაობა 2010 წლის მარტში განაახლა, თუმცა რეგულარული საავტომობილო მიმოსვლა დღემდე არ განხორციელებულა.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე მოსკოვში, 2013 წლის 6-7 აგვისტოს, მიღწეული იქნა შეთანხმება რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის ავტობუსების რეგულარული მიმოსვლის შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს 500 ერთეული ნებართვა 2013 წელს სატვირთო გადაზიდვების განხორციელებაზე, რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდავებს, რუსეთში ტვირთები გაიტანონ. მხარეები შეთანხმდნენ, აგრეთვე, მესამე ქვეყანაში ტვირთების გადასაზიდად ნებართვების გაცვლაზე.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი დააყენა. „რუსული მხარისაგან მიღებული იქნა თანხმობა იმაზე, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში დადებითად გადაიჭრას", - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.