საზოგადოება
„თავდაცვის სამინისტროში, დღემდე, მაღალ თანამდებობებს, კოდ–ის და სოდი–ის ყოფილი მაღალი უფლებამოსილების მქონე პირები იკავებენ!“

advokatebi-saz-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სისტემური პრობლემების შესახებ მინისტრ ირაკლი ალასანიას კიდევ ერთხელ მიმართავს.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სამინისტროში არსებულ საკადრო პრობლემებსა და შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ვითარებაზე.

კერძოდ, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა აცნობეს, შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში ინფექციური დაავადებების რიცხვმა იმატა. საუბარია ჩუტყვავილას მასობრივ გავრცელებაზე გორის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ ვაშლიჯვრის სპეცნაზის მოსამსახურეებში.

მიღებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში, დაშვებულ იქნა შეცდომა. ჩუტყვავილას ვაქცინაციის ნაცვლად, განხორციელდა სხვა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო სამედიცინო დახმარება.

სამწუხაროა, როდესაც სამინისტრო დღემდე უპასუხოდ ტოვებს ორგანიზაციის მიერ გახმაურებულ ფაქტს, სენაკის სამხედრო ბაზაზე, 52 ჯარისკაცის საკვებით მოწამვლის შესახებ.  „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნია, რომ უკვე მერამდენედ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სისტემურ და საკადრო პრობლემებს აქვს ადგილი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები არაპროფესიონალიზმზე და სისტემაში საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე მიუთითებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პასუხს მოითხოვს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციაც. რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროში, დღემდე, მაღალ თანამდებობებს, კოდ–ის და სოდი–ის ყოფილი მაღალი უფლებამოსილების მქონე პირები იკავებენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ სამხედრო პოლიციაა დაკომპლექტებული კუდ–ისა და სოდ–ის ყოფილი თანამშრომლებით.