საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2013 წლის 15 აგვისტოს აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყებოდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ პრობლემებს. ამასთან, ლიდერებმა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში აფხაზეთისთვის დახმარების საკითხები განიხილეს.როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში აფხაზეთის ზოგიერთ რაიონში ძლიერი კოკისპირული წვიმების შედეგად სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ ნაგებობებს, სასოფლო-სამეურნეო ნათესებს და ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრას აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ შეხვედრებს და, ცხადია, შესაბამისი დასკვნებიც გამოგვაქვს. ეს დასკვნები შემდგომში აისახება ჩვენს ურთიერთობებსა და იმ საუბრებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ჟენევის პირდაპირ ფორმატში მიმდინარეობს. თუმცა, რაკიღა ეს სიახლე არ არის და ასეთი შეხვედრები უწინაც ყოფილა, მოცემულ ეტაპზე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება“, - განაცხადა მან.