როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში ნიკო ფიროსმანის მიერ პარმენ ოზაშვილის მარანში მოხატული კარი 17 000 დოლარად იყიდება. მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია გამოსახული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით“.
წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული. სოფელ ოზაანის მცხოვრებლების განცხადებით, რამდენიმე თვის წინათ პარმენ ოზაშვილის სახლი კერძო პირმა 7 000 აშშ დოლარად იყიდა, სახლი დაშალა და ნივთებს ყიდის. ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი აცხადებს, რომ „ადრე, როცა მარნის კარის შესაძლო ავტორად ფიროსმანი სახელდებოდა, სახლის მესაკუთრემ პარმენ ოზაშვილმა არც მისი გაყიდვა და არც მუზეუმისთვის გადაცემა არ ისურვა. ამჯერად კი მუზეუმს ექსპონატის შესაძენად ფული არ აქვს“.